|
ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, საქართველოში ღვინის კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, უცხოელ დელეგატებს კახეთის რეგიონმა უმასპინძლა. სიღნაღში სტუმრებისთვის ტექნიკური ტური მოეწყო, სადაც ისინი ქართული ტრადიციული მეღვინეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშების და მევენახეობის თავისებურებებს გაეცნენ. ტექნიკური ტურის ფარგლებში, სტუმრებმა ღვინის საწარმოები და მარნები დაათვალიერეს, სადაც მათ ქართული, ტრადიციული თუ თანამედროვე-ევროპული ღვინის დაყენების უნიკალური წესის გაცნობის საშუალება მიეცათ. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის ივ ბერნარის განცხადებით, ”ქართულ მეღვინეობას დიდი ტრადიციები აქვს. მე მაქვს შესაძლებლობა, დავაგემოვნო თეთრი და შავი ღვინო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინის სამშობლოში ჩემი თვალით ვნახო, ტრადიციული, ძველი მეთოდები, რომლითაც ეს უნიკალური ღვინოები მზადდება. შემიძლია გითხრათ, რომ ქართულ ღვინოს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიო ბაზარი დაიპყროს.”
”ალავერდის” სამონასტრო ღვინის მარნის, ”თელავის ღვინის მარნის”, ”ბადაგონის”, ”GWS”-is, ”ქინძმარაულის”, ”შუმის” ღვინის საწარმოების დათვალიერების შემდეგ, კონგრესის დელეგატები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საქართველო იყო და არის ღვინის სამშობლო, რომელსაც უძველესი კულტურა გააჩნია. |