ლევან დავითაშვილი ფარუქ ჩელიქს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ფარუქ ჩელიქს შეხვდა
23.05.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართული შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და განხილული საკითხების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თურქ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა განსაკუთრებული და მეგობრული მასპინძლობისთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს აქვთ შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და იმ საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც საქართველო თავისუფალი სავაჭრო ურიერთობის შეთანხმებით სარგებლობს, ერთობლივად მოახდინონ აგროსასურსათო პროდუქციის პოზიციონირება. „სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა აქტიურად დაეხმაროს ბიზნესსექტორს. ჩვენ გვაქვს მზაობა, აგრარული მიმართულებით თურქეთის მხარესთან ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა ორგანიზაციული საკითხების რეგულაციაში, ამ თანამშრომლობის ფარგლებში უფრო მეტი შედეგის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა საქართველოს მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თურქეთში საქონლის ხორცის ექსპორტი, მეთხილეობა და სანერგე მეურნეობები. მინისტრის განცხადებით, ორივე ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებმა ხელი უნდა შეუწყონ ბიზნესწრეების მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას და აგრარული დარგი კიდევ უფრო მომგებიანად აქციონ. „ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური ურთიერთობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდასა და იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა ფარუქ ჩელიქმა. შეხვედრაზე მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის ტექნიკური დეტალების მოგვარების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან აგრარულ დარგში თურქეთის გამოცდილების გაზიარების საკითხის მნიშვნელობასაც. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრის მრჩეველი, ალი აიბეი ესწრებოდნენ.