ბზის ალურას საწინააღმდეგო წამლობა

ბზის ალურას საწინააღმდეგო წამლობა
27.08.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში მავნებლის - ბზის ალურას წინააღმდეგ მიმდინარე წამლობის ღონისძიებას დაესწრო. სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ახორციელებენ. 1000 ჰა ფართობი თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და შესხურებით დამუშავდება, რაც გარემოსთვის უსაფრთხოა. 
,,საშიში მავნებლები მნიშვნელოვანად აზიანებენ მწვანე საფარს. შესაბამისად, პრევენციულ ღონისძიებებს და მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დროულად განხორციელებული ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა უნიკალური ჯიშის კოლხური ბზის გადარჩენა, რომელიც ფაქტობრივად განადგურების პირას იყო’, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლების საწინაააღმდეგო ღონისძიებებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ახორციელებს.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბზის ალურას, ამერიკული თეთრი პეპელას და არაფარდი პარკხვევიას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. მავნებლების სალიკვიდაციო სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ბზის ალურა - განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც 2 წლის წინ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთის გავლით შემოვიდა. 
აგრესიული მავნებელი აზიანებს საქართველოში გავრცელებული კოლხური ბზის (Buxus colchica) ენდემურ ჯიშს და სწრაფად ვრცელდება. 
ამერიკული თეთრი პეპელა - გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, საქართველოში 1976 წელს იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს. რამდენიმეწლიანი მავნეობის შემდეგ მცენარე ხმება.
არაფარდი პარკხვევია - ფოთლოვანი ტყის მავნებლად ითვლება, თუმცა, არანაკლები ინტენსივობით აზიანებს ხეხილსა და დეკორატიულ მცენარეებს, საკვების ნაკლებობისას კი წიწვოვან და თავთავიან კულტურებზეც გადადის. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში შესაძლოა, მათი გახმობაც გამოიწვიოს.