ინდოეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

ინდოეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
24.08.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ინდოეთის დელეგაციის წევრებს ბოლო წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გააცნო და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა. იური ნოზაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და ამ კუთხით, ჩაის წარმოების განვითარების შესაძლებლობებზე. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ინდოეთს შორის სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის მნიშვნელობზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა, რომ ინდოეთის მხარე ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის ქართულ მხარეს ჩაის წარმოების მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს. ბასკარ ჯიოტი მაჰანტას განცხადებით, ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს ქუდის ქვეშ გაერთიანებულია სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც ჩაის მოყვანა-გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობას აწარმოებენ. სამინისტროს მფლობელობაშია ჩაის მწარმოებელი საწარმოც, რომელიც ყოველწლიურად 11 000 000 ტონამდე ჩაის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებისა და გამოცდილების გაზიარების. 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს ჩაის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა წარმოადგენს. ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.