მინისტრმა აგრარულ კომიტეტს ანგარიში წარუდგინა

22.06.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმინაობის ანგარიში წარუდგინა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა აღნიშნულ სტრატეგიასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. ოთარ დანელიამ ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების, მელიორაციის, ფიტოსანიტარიის და ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე. 
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობის, ისე სოფლის განვითარება. 
ოთარ დანელიამ ვრცლად ისაუბრა აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და სოფლის მეურნეობის სექტორში განხორცილებული ინვესტიციების მზარდი დინამიკის შესახებ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბაზრების დივესრიფიკაციის, საგარეო ვაჭრობის გააქტიურების და ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების მნიშვნელობა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართეს კითხვებით, რომლებიც ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს, ირიგაციის საკითხებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობ ღონისძიებებს, სოფლის მეურნეობის დარგით ახალგაზრდების დაინტერესების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით შემუშავებული პროექტების მიმდინარეობის საკითხებს შეეხებოდა. 
ოთარ დანელიამ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა და განხორციელებული სამუშაოები კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დარგის განვითარების კუთხით პოზიტიური შედეგები უკვე სახეზეა.