შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან

18.03.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მონიეს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. 
„სამინისტროს აქვს დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს არაერთი მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისი სტანდარტების დანერგვის პროცესი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე. ვფიქრობთ, უკვე ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანთ თაფლს და თევზპროდუქტებს. მიმდინარე წლის ბოლოს ვგეგმავთ საფრანგეთში, გამოფენაზე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქცია წარვადგინოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა მარსელში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნისა და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა. ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.
საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მონიემ, საფრანგეთსა და საქართველოს შორის აგრარული დარგის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პექრსპექტივებზე ისაუბრა. 
„ქართულ პროდუქციას და განსაკუთრებით ქართულ ღვინოს ნამდვილად შეუძლია საფრანგეთის ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს აქვთ საკუთარი ღვინო, ისინი ესპანური, სამხრეთ ამერიკული და სხვა კარგი ღვინოების მომხმარებლები არიან, შესაბამისად, ქართული ღვინოსაც აქვს რეალური შანსები; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ვისაუბრეთ მეცხოველეობის დარგის მიმართულებით თნამშრომლობის შესახებაც, რაც ასევე საინტერესო და პერსპექტიულია“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.