ყაზბეგში კოოპერატივებს სკები გადაეცათ

17.03.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა და მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 600-მდე სკა გადასცა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროგრამის ფარგლებში, მოხდება სკების რეგისტრაცია სპეციალური სააღრიცხვო ბარათების საშუალებით, რაც თაფლის წარმოების მიკვლევადობას შეუწყობს ხელს. ეს, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის.
პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 7588 სკა გადაეცემა. პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა ხის (რუტისა და დადანის სახეობის) სკები 120 ლარის ნაცვლად 36 ლარად მიიღეს, ხოლო პენოპოლისტიროლის სკები 260 ლარის ნაცვლად 78 ლარად.
პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვალს დაიწყო და 16 მარტს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საშუალება აქვს მიიღოს:
• სასურველი მასალის (ხე (რუტი ან/და დადანი) ან/და პენოპოლისტიროლი) სკა (არაუმეტეს 100 ცალი) თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად. 
• 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზი. 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პროგრამის ფარგლებში ინვენტარის მიღება ღირებულების 20%-ად შეეძლებათ.
პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უფლება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში უსასყიდლოდ შესამოწმებლად წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში წარადგინონ.
პროგრამაში ჩართული კოოპერატივები თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას იღებენ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის ღონისძიებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი ესწრებოდნენ.