ექსტენციის სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია

didi
07.11.2017
სასტუმროში „Holiday Inn“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა. სტრატეგიის პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა. როგორც რევაზ ასათიანმა აღნიშნა, ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 წლებში 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე (2018 წელი) სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები პილოტ რეგიონებში დაინერგება, ხოლო მეორე ეტაპზე (2019 წელი) შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც მოხდება. „ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, არსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად გარდაიქმნება. პროცესი განხორციელდება თანმიმდევრულად“ ,- განაცხადა რევაზ ასათიანმა. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების პილოტ რეგიონებად შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და გურია. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში - ENPARD Georgia).