ლევან დავითაშვილმა ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმი გახსნა

ლევან დავითაშვილმა ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმი
21.09.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წეჯიანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრში, მაღალი კლასის სასტუმროში „შანგრილა“ განთავსებული ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის ამსახველი მასალა და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა. როგორც ლევან დავითაშვილმა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული და ბიზნესურთიერთობების განმტკიცება ფრიად მნიშვნელოვანია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. „ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. საქართველოში იწარმოება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. მისასალმებელია, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იმედი გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ქართული კულტურის მუზეუმი კომპანიის „სუოლუნი“ გენერალური დირექტორის, ი შიაო ჯუნისა და „სინგუან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. ი შიაო ჯუნი უკვე ორი წელია ჩინეთში ქართული ღვინის სახლების ქსელს ფლობს. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ქართული ღვინის უნიკალურობამ და ქართული კულტურის მიმართ სიყვარულმა და პატივისცემამ გადააწყვეტინა. ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის ქართული ღვინის მუზეუმების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში – შანხაისა და პეკინში გეგმავს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია.