ნოდარ კერესელიძე გერმანიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ნოდარ კერესელიძე გერმანიის დელეგაციის წევრებს შეხვ
07.07.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, პიტერ ბლესერს და ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სამაცივრე მეურნეობის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიების, ასევე აგრარული საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიოდნენ. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ნოდარ კერესელიძემ ხაზი გაუსვა აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური თვალსაზრისით გაწეული დახმარების საკითხებზე ისაუბრა. „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოში დაინერგა ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა, ხორციელდება ვენახების კადასტრის პროგრამა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დანერგვა, რაც დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის, ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში „მწვანე კვირეული” (Gruene Woche). მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც პიტერ ბლესერმა განაცხადა, საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით ქვეყანებს შორის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოებში.