მინისტრმა საწარმო "აგროლეინი" დაათვალიერა

მინისტრმა საწარმო "აგროლეინი" დაათვალიერა
29.06.2017
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „აგროლეინი“ დაათვალიერა და კომპანიის კუთვნილ 6 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღში მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „აგროლეინი“ იმ წარმატებულ საწარმოთა სიაშია, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტის საწარმოები შექმნეს. კომპანიაში „აგროლეინი“ ლურჯი მოცვის და ჟოლოს გადამუშავება ხორციელდება. კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საწარმო, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული 2016 წელს აშენდა. რაც შეეხება კომპანიის კუთვნილ მოცვის ბაღებს, წელს 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. სეზონურად კომპანია ბაღებში 100-მდე ადგილობრივს ასაქმებს. „სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ და კომპანია „აგროლეინი“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. ჩვენი სამინისტროს ხელშეწყობით, „აგროლეინის“ პროდუქცია დუბაიში აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017" იყო წარმოდგენილი. გამოფენა „Gulfood” საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს. ასეთი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ „აგროლეინის“ პროდუქციის ექსპორტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.