ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიში წარადგინა

აგრ. კომიტეტი
27.06.2017

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამინისტროს მიერ 2017 წლის ექვს თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა.სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს დარგის ეფექტიანი და სწრაფი განვითარებისთვის. 2017 წლის 6 თვეში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 631 000 ლარის ღირებულების  28 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი  45 000-დან 111 800 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული 14 000-დან 34 400 ჰექტრამდე გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  2017 წლიდან  დაიწყო მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს. ასევე, ამოქმედდა მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურ და სწორ გამოყენებას. პროგრამა 24 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, უკანაფშავის  ადმინისტრაციულ ერთეულში (დუშეთის მუნიციპალიტეტი) გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო  რძის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს და სრულად აღჭურავს მას. 2017 წელს გაგრძელდება როგორც რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, ასეე მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა. დაგეგმილია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება.

მინისტრის განცხადებით,  2017 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 29 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 44%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინო წარდგენილ იქნა 11 საერთაშორისო გამოფენაზე 7 ქვეყანაში (საფრანგეთი, იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლიტვა და ჩინეთი); 50-მდე დეგუსტაცია ჩატარდა10 ქვეყანაში (აშშ, მონაკო, გერმანია, იაპონია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ჰოლანდია, ლიტვა, საფრანგეთი). საქართველოში გაიმართა „ახალი ღვინის ფესტივალი”, „WinExpo Georgia”, იშვიათი ვაზის ჯიშების ღვინოების პრეზენტაცია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დაგეგმილი გამოფენის შესახებ, სადაც საქართველო  პირველი მიწვეული ქვეყანა იქნება.

ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ღვინის პროფესიონალების ტურების, ქართული ვაზის კულტურის კვლევის, რთველის მოსამზადებელი სამუშაოების, ღვინის ხარისხის კონტროლის, ვენახების კადასტრის პროგრამის შესახებ. ყურადღება გამახვილდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე, მათ შორის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ასევე მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სამეგრელოს,  გურიის რეგიონებსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში უკვე დამუშავებულია  15000 ჰა-მდე თხილის ფართობი. ღონისძიებების ჩატარება გათვალისწინებულია 48000 ჰა-ზე.

კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის ბოლოს ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა.

აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ფართოვდება ლაბორატორიული კვლევების სპექტრი. ლაბორატორიას მიენიჭა ეროვნული აკრედიტაცია. ლაბორატორიის ისო/იეკ 17025:2010-ის სტანდარტთან შესაბამისობა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ დადებითად შეფასდა. ლაბორატორიულმა ქსელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო რეაკრედიტაციის (ISO 17025) პროცესი. აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული ინფორმაციული მართვის სისტემის (LIMS) დანერგვის პროცესი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში განხორციელდა    სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენა. მიმდინარეობს ბიომეცხოველეობის განვითარების პროგრამისა და ბიომეურნეობის მოდელების შემუშავება, ქართული ენდემური და უცხოური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობის გაშენება, პირუტყვის ჯიშების პროდუქტიულობის კვლევა, ბიოპრეპარატების გამოცდა. 70-ზე მეტი მეცნიერი ახორციელებს  50-მდე პროექტს სხვადასხვა მიმართულებით. 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე დასრულდა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სადგური, მეცხოველეობის სანაშენე სადგური (დმანისი), ნიადაგის კვლევის ლაბორატორია (სოფ. წილკანი), თესლისა და სარგავი მასალის ლაბორატორია (სოფ. წილკანი), განახლდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა in-vitro ლაბორატორია, აღიჭურვა გენბანკი (სოფ. წილკანი).

პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ. დაწყებულია მრავალწლოვან კულტურების სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის სამუშაოები. საცდელ-საკოლექციო ბაღები გაშენდა სამეგრელოსა და ლეჩხუმის რეგიონებში. მობილური ექსტენციის პროგრამის ფარგლებში სპეციალისტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სისტემატურად აწყობენ საველე შეხვედრებს. მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, მათ შორის, „დანერგე მომავალი”, რომლის ფარგლებშიც 2015-2017 წლლებში 3,546 ჰა ინტენსიური ტიპის ბაღი გაშენდა.  თანადაფინანსების სახით დამტკიცებულია  17,951,347 ლარი, ხოლო პროექტების ჯამური ინვესტიცია შეადგენს  32,598,117 ლარს.

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებულია  21,973,330 ლარის პრემია, გაცემულია, 47,485 პოლისი, დაზღვეული ჯამური ფართობი შეადგენს 39,138 ჰას, დაზღვევულია  326,8 მლნ ლარის ღირებულების მოსავალი.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2014-2017 წლებში დამტკიცდა 39 პროექტი (აქედან 3 შემნახველ საწარმოთა კომპონენტის ფარგლებში). დამტკიცებული პროექტების ჯამური თანხა შეადგენს 24,219,603 აშშ დოლარს და 4,257,803 ლარს, აქედან სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 8,686,869 აშშ დოლარს და 600,000 ლარს. 2017 წლის 6 თვის განმავლობაში გახსნილია 19 ახალი საწარმო.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, ხორციელდება 17 პროექტი, სარეაბილიტაციო ფართობი შედაგენს  516 ჰა-ს, სააგენტოს თანადაფინანსება 924,227 ლარია. ასევე აღსანიშნავია, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და განვითარების პროექტი (AMMAR), რომლის ფარგლებშიც 2016-2017 წლებში შემოსაულია 43 განაცხადი ჯამური ინვესტიციით 2,041,709 ლარი,  თანადაფინანსების მოცულობა 799,007 ლარია.

მინისტრმა ასეევ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ.
ანგარიშის წარდგენის დასასრულს კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომის მონაწილეების მიერ დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები.