IFAD-ი ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს.

 IFAD-ი ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს.
16.06.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე „სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. პროგრამისთვის დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს, დამატებით, 27 965 000 დანიური კრონა (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარამდე) გამოუყო. 
საგრანტო პროგრამის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) და დანიის სამეფოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართვას, რაც დარგის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელმა დინა სალეჰმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და დანიის სამეფოს თანამშრომლობით, IFAD-ის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროგრამა იწყება და იმედია, რომ ის წარმატებული იქნება და ახალგაზრდებს სოფლად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 
პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან. პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა დამფუძნებლებიც და მმართველი გუნდიც ამ ასაკობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარების დახმარებას ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპზეც. წარდგენილი ბიზნესგეგმების განხილვის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტზე გამოიყოფა დაფინანსება არაუმეტეს 25 000 აშშ დოლარისა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს 40 % გრანტისა და 60 % ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას.
პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ახალი პროგრამის პრეზენტაციას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ფერმერთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.