სამინისტროში თხილის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს.

 სამინისტროში თხილის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს
09.06.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. 
შეხვედრაზე თხილის დარგის განვითარების და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. საუბარი შეეხო დღეისათვის დარგში არსებულ მდგომარეობას - მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს, წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლებს და თხილის ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც 2018 წლიდან თხილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს წარმოებაში მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის (HACCP) დანერგვას ავალდებულებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული თხილის მიმართ ნდობას საექსპორტო ბაზრებზე. 
როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღინიშნა, საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილს ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და კარგი რეპუტაციის შენარჩუნების ხელშეწყობა. 
,,სათათბირო საბჭო წარმოადგენს ფორმალურ პლათფორმას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისთვის. დიალოგის რეჟიმში ჩვენ განვიხილეთ და გადავწყვიტეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხარისხის კონტროლის ხელშეწყობის კუთხით შემუშავებულ ახალ რეგულაციებს, ლაბორატორიული მომსახურების საკითხებს, მარკეტინგულ და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს გულისხმობს. საქართველოსთვის თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო კულტურა და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, შესაბამისად, ამ კულტურის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ქართული თხილი ყალიბდება როგორც ბრენდი და საკუთარ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო ბაზარზე. ამის დასტურია ის, რომ მომავალში თხილის მსოფლიო კონგრესის ჩატარება საქართველოში იგეგმება.
შეხვედრაზე საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მოწერელიამ ამ ეტაპზე დარგში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესწრეებს შორის აქტიური და პირდაპირი კომუნიკაცია ამ გამოწვევების დაძლევის და ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა. 
,,საქართველოში თხილის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ამის დასტურია ისიც, რომ წელს, თხილის მსოფლიო კონგრესზე ქართული თხილის შესახებ პირველი პრეზენტაცია გაკეთდა. 2021 წელს კი, თხილის მსოფლიო კონგრესის გამართვა საქართველოში იგეგმება. გვჯერა, რომ ამ პერიოდისთვის რეგულაციებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება და ქართული თხილი პრემიუმ სეგმენტში გადავა. ეს შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის და როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ.
ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება თხილის წლევანდელ მოსავალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს კარგ მოსავალს ელოდებიან. ამასთან, სრული მობილიზაციაა გამოცხადებული მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რაც მოსავლის დანაკარგებს მინიმუმამდე დაიყვანს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სათათბირო საბჭოს წევრები - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სათათბირო საბჭო შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.