26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 maisi
26.05.2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად დაათვალიერა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის ღონისძიებები წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეის ქვეშ ერთიანდება. „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ყველა სტენდასა და დეკორაციაში იკითხება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროც ყოველწლიურად ჩართულია საზეიმო ღონისძიებებში და განსხვავებული კონცეფციის სტენდებზე მრავალფეროვან პროდუქციას წარუდგენს მოსახლეობას. ,,ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ, ქვეყნიდან, რომელსაც კულტურისა და ტრადიციების, მათ შორის მეღვინეობის მრავალსაუკონოვანი ისტორია აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე დამთვალიერებელი ყოველწლიურად აგრარული პროდუქციის მწარმოებელ ახალ კომპანიებს ეცნობა და საქართველოში წარმოებული, მაღალხარისხიანი პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოში სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი გააჩნია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის გაძლიერებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და სასიხარულოა, რომ პოზიტიური შედეგები უკვე სახეზე გვაქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს სტენდზე საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნატოს საპარლამენტო ასსამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის და ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების (შპს გეოპლანტი, შპს ვინივერია, შპს გემუანი, შპს მარანული, შპს ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია, შპს თელეთის ყველის სახლი, შპს ახალი მესხეთი, შპს ნატურა თი კომპანი, შპს ჯეოკონცენტრატი, შპს NUTS.GE) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების (რკ.ზირა, რკ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინო, რკ. აგრო-ჯი, რკ. ნაგომარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი რკ ბარალეთი 2008, ინაბოძი, ალვანი, რკ. თერჯოლის ღვინო, რკ. დარჩელის თხილი, ბაიას ღვინო) მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა. სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები ორიგინალურ დეკორაციებთან, რომლებიც ქართული ხილითა და ბოსტნეულით იყო გაფორმებული. 26 მაისის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.