ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში კოლეგას შეხვდა

ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში კოლეგას
26.04.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მის აღმატებულება აბდულ რაჰმან აბდულ მოჰშენ ალ-ფადისთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრა, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ლევან დავითაშვილმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში აგრარული მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ და ყურადღება რეგიონში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედებაზე გაამახვილა, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს იყოს რეგიონული ჰაბი და ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტვირთბრუნვის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე საუდის არაბეთის მინისტრი საქართველოდან საუდის არაბეთში ცოცხალი ცხოველის ექსპორტის, ასევე ხორცის, მშრალი ხილის, თაფლის და სასმელი წყლის ექპორტის განხორციელებით დაინტერესდა. ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ. დელეგაციის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში 24 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება.