ლევან დავითაშვილი პარლამენტში

ლევან დავითაშვილი პარლამენტში
24.11.2016
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის წევრებს სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (2016-2020 წ.)" ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები და სამინისტროს სამომავლო ხედვები გააცნო. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია: ექსტენციის გაძლიერება, ეფექტიანი მიწოდების ჯაჭვის განვითარების სტიმულირება, მაღალი ღირებულების მქონე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციისთვის ალტერნატიული ბაზრების გამოვლენა და დივერსიფიკაცია. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან შესაბამისობით შემუშავდა და შედეგად, ეკონომიკის განვითარებაში დარგის მხრიდან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითვალისწინებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დეგრადირებული ნიადაგების გამოკვლევას და მათი ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებებს; შემუშავდება სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე; სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვას - შემნახველი, დამახარისხებელი, შემფუთავი, გადამამუშავებელი და სადისტრიბუციო ბაზრების განვითარებას; გაგრძელდება და დაიხვეწება აგროდაზღვევის პროექტი; 2017 წლის ბოლოსათვის 165 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მელიორირებული მიწების ფართობები; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დარგში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლებას, აგრობიზნესზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას და ექსტენციის შესაბამისი პაკეტების შემუშავებას; გაგრძელდება მუშაობა ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით; მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის წევრებმა ლევან დავითაშვილს მიმართეს კითხვებით, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტს და ბაზრების დივერსიფიკაციას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობ ღონისძიებებს, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მნიშვნელობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობას, ასევე სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობის საკითხებს შეეხებოდა. სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.