ინვესტორთათვის

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა.

ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძირითადი ვალდებულებაა.

საქართველოს სოფლის მეურნეობას მდიდარი ტრადიციები გააჩნია. ეს ტრადიციები ქვეყნის ისტორიის, მენტალიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს უნიკალური იდენტობის შენარჩუნებაში, თვითდამკვიდრებასა და ეკონომიკურ განვითარებაში.  თუმცა, აქამდე, სოფლის მეურნეობა და სასურსათო წარმოება საგრძნობლად ჩამორჩებოდა დანარჩენი ეკონომიკის განვითარების ტემპებს. 

ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის ძალისხმევისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, შეინიშნება საკმაოდ  პოზიტიური ტენდენციები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით. 

2013 წელს დაწყებული სისტემური ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები შეინიშნება აგროსასურსათო სექტორში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით.  
სწორი სახელმწიფო პოლიტიკით, ჩვენი მეწარმეები, ფერმერები, გლეხები შეძლებენ უპასუხონ იმ ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა ჩვენი ქვეყანა, შეძლებენ აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდრონ ღირეული ადგილი.