ქართული ბრენდის დღე

ქართული ბრენდის დღე
23.12.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყოველწლიურ ღონისძიებას -,,ქართული ბრენდის დღე 2016“ დაესწრო. ღონისძიება საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს ,,პროფილი“ ორგანიზებით და საპარტნიორო ფონდის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ISO - საერთაშორისო ხარისხის სერტიფიცირების კომპანიის ,,დეა იტალია“ მხარდაჭერით ჩატარდა. „ქართული ბრენდის დღის“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საქართველოს და მსოფლიო ბაზარზე. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ნაციონალური ბრენდების დაჯილდოვების ცერემონია იმართება. წლევანდელ რიგით მე-14 დაჯილდოვებაზე ქართული კომპანიები დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: • ლიდერი • რეპუტაცია და ნდობა • ახალი და წარმატებული ქართული ბრენდი • ბრენდპერსონა • წარმატებული ტელეპროექტი • წარმატებული ინტერნეტ-მედია პროექტი • ისტორიული ბრენდი აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრიზები გადაეცა არაერთ წარმატებულ კომპანიას, ორგანიზაციას და პროექტს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ნომინაციაში ,,ახალი და წარმატებული ქართული ბრენდი“ დააჯილდოვა კომპანიები: ,,ნენა“ და „მზეთამზე - ქართული ხორბლის პური“. ხილის გადამამუშავებელი კომპანია ,,ნენა“ 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარია. ,,ნენა“ მურაბებს, კომპოტებს, ჯემებს, ფელამუშსა და ტყემლის საწებელს აწარმოებს. კომპანია „მზეთამზე - ქართული ხორბლის პური“ ბაზარზე გასული წლის ბოლოს გამოჩნდა. კომპანია პროდუქციას მხოლოდ ქართული ჯიშის ხორბლისგან წითელი დოლი, დიკა და შავფხა - ამზადებს. ,,ყველა ქართველი მეწარმისთვის აღიარება ასეთ ფორმატში, მრავალფეროვანი აუდიტორიის წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ახალი ქართული პროდუქტების შექმნას, მათ პოპულარიზაციას და დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტი, ქართული ბრენდი ასოცირდებოდეს ხარისხთან და წარმატებასთან,“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ,,ქართული ბრენდის დღე“ 14 წელია იმართება. ამ წლების მანძილზე 500-ზე მეტი წარმატებული ქართული ბრენდი სხვადსხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. „ქართული ბრენდის დღე“ მოიცავს როგორც ბიზნესს, ასევე სხვა სფერობს, მათ შორის მეცნიერებას, ხელოვნებას და კულტურას. ,,ქართული ბრენდის დღე 2016“- ს ესწრებოდნენ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი და გიორგი ჩხეიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის, კერძო და სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები.